თამარ ზაქარაშვილის შესახებ

თამარ ზაქარაშვილი არის კერძო საჯარო პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი სამშენებლო კოლეჯის “კონსტრუქტ2” დირექტორი. იგი აქტიურად მუშაობს საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიმართულებით. საერთაშორისო კონტაქტების დამყარების და გამოცდილების გაზიარების გზით სურს უზრუნველყოს კოლეჯში სწავლის შედეგების ხარისხის გაზრდა და კომპეტენციების გაძლიერება.

თამარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მინიჭებული აქვს სამართალმცოდნეობის  ბაკალავრის  ხარისხი. მაგისტრატურა, ამავე მიმართულებით, გაიარა რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში. მინესოტას უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი, ბიზნეს სამართლის კონცენტრაციით.

თამარს აქვს საქართველოს და ამერიკის იურიდიულ კომპანიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. სტაჟირება გაიარა მინეაპოლისის საქალაქო სასამართლოში და კერძო იურიდიულ კომპანიაში – “Rivera Law Firm”, სადაც ახორციელებდა საკონსულტაციო საქმიანობას მოქალაქეობასა და საიმიგრაციო საკითხებთან  მიმართებაში. პრაქტიკა გაიარა არასამთავრობო ორგანიზაციაში “Advocates for Human Rights”. მის კომპეტენციაში შედიოდა საპროცესო მონიტორინგის წარმოება, პროცედურული დარღვევების პრევენცია არალეგალთა დეპორტაციის პროცესში, მთარგმნელობითი საქმიანობა. თამარს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება – ქუთაისის საკრებულოში ეკავა იურისტის პოზიცია. მის მოვალეობებში შედიოდა პროექტების და დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის შემოწმება, ხელშეკრულებების და ადმინისტრაციული აქტების მომზადება გამოსაცემად, მოქალაქეთა წერილებზე სამართლებრივი დასკვნების და პასუხების მომზადება.

თამარი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრი.  ის ასევე იყო ადვოკატთა ასოციაციის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი.