მინისტრის მოადგილე
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ირინა აბულაძეს აქვს 15–წლიანი პროფესიული გამოცდილება განათლების სფეროში. მას აქვს პოლიტიკის შემუშავების პროცესსა და საერთაშორისო/ადგილობრივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება. ასევე, უმაღლესი განათლების სხვადასხვა დაწესებულებაში სწავლების და საერთაშორისო კონსულტანტებთან და ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება. ის ფლობს კოლუმბიის უნივერსიტეტის მასწავლებელთა კოლეჯის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო განათლების განვითარების დარგში (ხარისხი მიიღო 2011 წელს) და ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს დასავლეთ ევროპულ ენებსა და ლიტერატურაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

ინტერესის სფეროები: განათლების პოლიტიკა და მართვა, პროფესიული განვითარება.

2018 წლის ივლისიდან ირინა აბულაძე იკავებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ის პასუხისმგებელია პოლიტიკის განსაზღვრაზე ყველა საგანმანათლებლო მიმართულებით (სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლება და ასევე, მეცნიერება). იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ფართომასშტაბიანი პროექტის მართვაში – „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  – საქართველოს პროექტში „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება”, რომელიც დაფინანსებულია ა.შ.შ.–ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ და განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ.

მას დიდი გამოცდილება აქვს განათლების პოლიტიკისა და მართვის სფეროში მუშაობის კუთხით; კერძოდ, 2004–დან 2009 წლამდე იგი მუშაობდა სხვადასხვა მმართველ თანამდებობაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, 2011–დან 2013 წლამდე კი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და პროგრამაში. 2013 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე, ირინა აბულაძე მუშაობდა საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. მისი პასუხისმგებლობები მოიცავდა მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფების უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების დაგეგმვას, მართვასა და მონიტორინგს განათლების პოლიტიკის/მართვის სფეროში.

ირინას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სწავლების კუთხით. იგი დღემდე ასწავლის განათლების ადმინისტრირების პროგრამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.