მინისტრის მრჩეველი პროფესიული განათლების საკითხებში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქეთევან ნატრიაშვილის შესახებ

ქეთევან ნატრიაშვილის 19–წლიან სამუშაო გამოცდილებაში მნიშვნელოვანი წილი მოდის განათლების განვითარების ღონისძიებებზე. ამჟამად, იგი არის პროფესიული განათლების საკითხებში მინისტრის მრჩეველი და საკონსულტაციო მომსახურებას უწევს კერძო სექტორის პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მისი გამოცდილებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეობა და შემდეგ, პირველი მოადგილეობა (2013-2018 წლები), რომელ პოზიციებზეც, ფინანსური მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების პარალელურად, იგი ხელმძღვანელობდა პროფესიული განათლების რეფორმას საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში და საუკეთესო პროფესიონალთა გუნდთან ერთად. ამ მუშაობის შედეგი იყო მოდულური მიდგომის, დუალური განათლებისა და ინკლუზიური განათლების შემოღება, პროფესიული განათლების დაწესებულებების რაოდენობის გაორმაგება და რეაბილიტაცია ქვეყნის მასშტაბით, კერძო სექტორის ჩართვა პროფესიული განათლების, საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მოდელებისა და შემდგომ, კოლეჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში; ასევე, პროფესიული განათლების პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების ინდიკატორის 33%–დან 60%–მდე გაზრდა.

გარდა ამისა, ქეთევან ნატრიაშვილს აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება განვითარებაზე ორიენტირებული ფართომასშტაბიანი პროექტების მართვის კუთხით, რომელთაც საერთაშორისო სააგენტოები აფინანსებენ.

ქეთევან ნატრიაშვილი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს კუცთაუნის საშტატო უნივერსიტეტიდან პენსილვანიაში (Kutztown State University of Pennsylvania) (2001 წელი), საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან (2000 წელი) და ბაკალავრის ხარისხს დასავლეთ ევროპულ ენებსა და ლიტერატურაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (1999 წელი). ქეთევან ნატრიაშვილი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.